ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული Yandex ტაქსი აკრძალა. გადაწყვეტილება 11 აპრილიდან შევა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ კაია კალასის ტვიტზე დაყრდნობით გამოცემა news.err.ee ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით აკრძალვის გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება და ტალინისთვის მიუღებელია იმ კომპანიისთვის ოპერირების გაგრძელება, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს.
იმ ფაქტს, რომ კლიენტის პერსონალურ მონაცემებს, მოთხოვნის შემთხვევაში რუსულ საგამოძიებო სამსახურებს უაპელაციოდ უზიარებენ თავად Yandex-შიც არ მალავენ და მას კრიმინალთან ბრძოლის მოტივით ხსნიან. აღნიშნული მიზეზის გამო კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერება რამდენჯერმე საქართველოშიც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. Yandex ტაქსი საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს და შედარებით დაბალი ფასის გამო პოპულარობით სარგებლობს, თუმცა როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები აღნიშნავენ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში 2 ლარით იაფად გასვლა შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებას უთხრიდეს ძირს.