გერმანიამ მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან რეგულაციაზე, რომელიც მოითხოვს, რომ ახალი მანქანები ნახშირბად-ნეიტრალური იყოს 2035 წლისთვის. ეს გადაჭრის დავას, რომელიც ძირს უთხრიდა ბლოკის ამბიციურ გეგმას სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.
შეთანხმების შედეგად, შიგაწვის ძრავიანი ახალი მანქანების რეგისტრაცია 2035 წლის შემდეგაც იქნება შესაძლებელი, თუ ისინი გამოიყენებენ მხოლოდ კლიმატ-ნეიტრალურ საწვავს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ტვიტერში დაწერა, რომ „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას გერმანიასთან მანქანებში ელექტროსაწვავის სამომავლო გამოყენების შესახებ“.
გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის ვოლკერ ვისინგის თანახმად, გზა გაიხსნება შიგაწვის ძრავებიანი მანქანებისთვის, რომლებიც იყენებენ მხოლოდ კლიმატ-ნეიტრალურ საწვავს და დარეგისტრირება 2035 წლის შემდეგაც შეეძლებათ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაპირველი წინადადება მანქანებისთვის ნახშირორჟანგის ემისიის ახალი სტანდარტების შესახებ სწორედ გერმანიის წინააღმდეგობის გამო გადაიდო. ევროკავშირს სურდა, 2035 წლიდან აეკრძალა ყველა ახალი მანქანის გაყიდვა შიგაწვის ძრავით. გერმანიამ კი მოითხოვა გამონაკლისი მანქანებისთვის, რომლებიც ელექტროსაწვავზე მუშაობენ, რადგან ასეთი საწვავის წარმოება შესაძლებელია განახლებადი ენერგიისა და ჰაერიდან მიღებული ნახშირბადის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს, რომ ატმოსფეროში კლიმატის შემცვლელი ემისიები არ გამოიყოს.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხმა იდეოლოგიური დაპირისპირება გამოიწვია გერმანიის მთავრობაში ვისინგის ლიბერტარიანულ თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასა და გარემოსდამცველ მწვანეთა პარტიას შორის, რომელიც მხარს უჭერდა შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, მემარჯვენე-ცენტრისტული კავშირის ბლოკი, ასევე ეწინააღმდეგებოდა შიგაწვის ძრავიანი მანქანების აკრძალვას ევროკავშირის მასშტაბით, რადგან, მათი აზრით, ეს დააზარალებს გერმანიის ავტო ინდუსტრიას.
bpn.ge