EURO 2020 ერთწლიანი დაგვიანებით 11 ივნისს სტარტს რომში აიღებს. 24 ქვეყნის გუნდი 1 თვის განმავლობაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ეცდება. 24-დან 2 ქვეყნის, ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება €1 მლრდ-ს აჭარბებს. რეკორდულად €456 მლნ-მდეა გაზრდილი ტურნირის საპრიზო ფონდიც.
ევროპის XVI საფეხბურთო ჩემპიონატს წინამორბედებისგან რამდენიმე მიზეზი გამოარჩევს. 1) მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა; 2) ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად თამაშები 11 სახელმწიფოში გაიმართება, (მასპინძე;ლი 12 ქალაქი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დუბლინმა მაყურებლის შესაძლო ვერდასწერების გამო მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა) მათგან 3 მხოლოდ მასპინძელი იქნება და არა მონაწილე; 3) პანდემიის მიზეზით თამაშები 1 წლით გადაიდო. რომ არა პანდემია შესაძლოა ჯგუფურ ეტაპზე საქართველოც მომხვდარიყო, გადამწყვეტი თამაშის წინ, ნაკრების წამყვან ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას კოვიდი დაუდასტურდა და უეაფას გადაწყვეტილებით თამაში იძულებით გამოტოვა.
პირველი ევროპის ჩემპიონატი 1960 წელს გაიმართა. მასში სულ 4 გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვება საბჭოთა კავშირს დარჩა, რომელმაც იუგოსლავია 2:1 დაამარცხა. მატჩის 49-ე წუთზე მეტოქის კარი სლავა მეტრეველმა აიღო და ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში, 113-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ვიქტორ პონდელიკმა მიხეილ მესხის გადაცემის შედეგად გაიტანა.
1980 წელს ტურნირზე მონაწილეთა რაოდენობა 8-მდე, ხოლო 1996 წელს 16-მდე გაიზარდა. ბოლო გაფართოვების შედეგად კი ევრო 2020-ზე მათმა რაოდენობამ 24-ს მიაღწია.
2020 წლის გლობალური ლოკდაუნი სპორტსაც შეეხო. ზოგი ტურნირი საერთოდ ჩაიშალა, ევრო 2020 და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები - 1 წლით გადაიდო. გადაწყვეტილება უეფამ მარტში მიიღო, იმ დროს დღიურ ინფიცირებულთა რაოდენობა 20-25 ათასის ფარგლებში მერყეობდა, დღეს ეს რიცხვი 20-ჯერ მეტია, მაგრამ მსოფლიო უკვე გასული წლის ზაფხულში მიხვდა, რომ პანდემიის სრულ დასრულებამდე ყველაფერს ვერ გააჩერებდა.
თამაშები ცარიელ ტრიბუნებზე არ გაიმართება, მაგრამ ვერც ბოლომდე გაივსება. ბაქო და სანქტ-პეტერბურგი სტადიონების 50%-იან დატვირთვაზე დათანხმდნენ, ფინალური შეხვედრა ლონდონში მეოთხედით შევსებულ სტადიონზე გაიმართება, სხვა ქალაქებშიც ტრიბუნები 25%-დან 45%-მდე დაიტვირთება. გარდა ამისა სავალდებულოდ რჩება პირბადეც.
Tranfermarkt-ის ინფორმაციით ყველაზე ძვირი გუნდი ინგლისის ნაკრებს ჰყავს. მისი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება €1.270 მლრ-ს შეადგენს, რაც $1.595 მლრდ-ს ტოლია, მეორე ადგილზე €1.030 მლრდ-ით საფრანგეთია, სამეულს €937 მლნ-ით გერმანია ასრულებს. ბოლო 24-ე ადგილზე €45 მლნ-ით ფინეთია. ჩრდილოეთ მაკედონია, რომელთანაც საქართველომ გადამწყვეტი მატჩი დათმო ბოლოს წინა 23-ე ადგილზე იმყოფება, მისი ღირებულება €62 მლნ-ა. ჯამში 24-ივე ქვეყნის გუნდების ღირებულება €10.477 მლრდ-ს, $12.782 მლრდ-ს შეადგენს. 1 გუნდის საშუალო ღირებულება €437 მლნ გამოდის.
იმავე Tranfermarkt-ის მონაცემებით ყველაზე ძვირაღირებული ქართველი ფეხბურთელი რუსეთის რუბინში მოთამაშე 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა და მისი სატრანსფერო ფასი €18 მლნ-ს შეადგენს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით კვარაცხელიას შეძენით ბრიტანული ლიდსი, გერმანული ბაიერნი, იტალიური იუვენტუსი და ნიდერლანდების აიაქსია დაინტერესებული.
11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 1 ქვეყნის, 11 ქალაქის 11 სტადიონზე 51 შეხვედრა გაიმართება. საქართველოში მატჩების ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. გამარჯვებული 11 ივლისს ლონდონის 90 000-იან უემბლის სტადიონზე გამოვლინდება, თუმცა ფინალურ მატჩს მხოლოდ 22 500 ადამიანი დაესწრება.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი რეკორდულად მაღალია და €456 მლნ-ს შეადგენს. თითოეული მონაწილე საბაზისო €9.25 მლნ-ს მიიღებს, ჯგუფში ყოველ მოგებაზე €1.5 მლნ, ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე კი €750 ათასი დაემატება. მერვედფინალში გასვლის შემთხვევასი ნაკრები დამატებით €2 მლნ-ს მიიღებს, მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ €3.25 მლნს, ნახევარფინალში გასული €5 მლნ-ს, ფინალში დამარცხებული €7 მლნ-ს, ჩემპიონი კი €10 მლნ-ს მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატის გამარჯვებულმა ჯგუფურ ეტაპზეც სამივე მატში მოიგო, მის მიერ გამომუშავებული თანხა €34 მლნ-ს მიაღწევს, რაც ამჟამინდელი კურსით $41 მლნ-ს აღემატება.
გიორგი ელიზბარაშვილი