გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ფრენების განსახორციებლად საჭირო ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) აცხადებენ, უწყება Eurowings-დან დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესშია.
“ავიაკომპანია Eurowings-თან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაგადამზიდველმა უკვე მომართა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარული ოპერირების დასაწყებად აუცილებელი ნებართვის მისაღებად. სააგენტო აწარმოებს კონსულტაციებს ავიაკომპანიასთან, დაწყებულია ასევე შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესი”, – აცხადებენ სააგენტოში.
Eurowings-ი, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს. რეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულდება
ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.
ირკვევა, რომ Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 21 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
ავიაკომპანიის საიტზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაბილეთები მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) იძებნება.
ავიაბილეთების ღირებულება 69.99 ევროდანაა.
avianews.ge