ევრაზიის გვირაბში, 2016 წლიდან დღემდე, დაახლოებით, 79 მილიონმა მანქანამ გაიარა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, რასაც Hürriyet ავრცელებს.
ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ისტორიაში პირველი საგზაო გვირაბი სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ გადის. ეს მსოფლიოში ყველაზე ღრმა ორმხრივი გვირაბია, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა. გვირაბი სტამბოლის ევროპულ მხარეს, ყაზლიჩეშმეს (Kazlıçeşme) აზიურ გიოზტეპესთან (Göztepe) აკავშირებს და თურქეთის ყველაზე დასახლებულ ქალაქში ქრონიკული საცობების შესამცირებლად აშენდა.
მინისტრის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ევრაზიული გვირაბის მთლიანმა წვლილმა ქვეყნის ეკონომიკაში 8,1 მლრდ თურქულ ლირას (595,2 მლნ დოლარს) მიაღწია. სამინისტროს ტრაფიკის მონაცემთა ანალიზის მიხედვით, გვირაბი მძღოლებს ერთ საათს აზოგინებს. ასევე, საწვავის დაბალ ღირებულებას, გამონაბოლქვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას განაპირობებს.
ევრაზიის გვირაბის მშენებლობა 1,25 მლრდ დოლარი დაჯდა. მის ოპერირებას კომპანია ATAŞ კიდევ 21 წელი გააგრძელებს. პროექტი მშენებლობა-ოპერირება-გადაცემის, ანუ BOT-ის (Build-Operate-Transfer) ფარგლებში განხორციელდა. სახელმწიფო გარანტიის სახით გათვალისწინებული იყო, რომ გვირაბით წელიწადში 25,6 მილიონი ავტომობილი ისარგებლებდა.
BPN.GE