საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
„სამწუხაროდ, ეს ნამდვილად ცუდი ამბავია. ეს მოვლენების ცუდი განვითარებაა. რუსეთის ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და უსაფუძვლოა“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების ასეთი რეაქცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს მედიის თავისუფლების დარღვევას.
3 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მაუწყებლობის შეწყვეტა გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ Deutsche Welle-ს რუსეთის ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაცია გაუქმდება, ხოლო სატელიტური და სხვა სახის მაუწყებლობა შეწყდება. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება ტელეკომპანიის ე.წ. უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურას დაიწყებს.
2 თებერვალს, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა.
გერმანიის მარეგულირებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის კომისიაში განაცხადეს, რომ Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება იმიტომ აიკრძალა, რომ მას აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზია არ აქვს.
imedinews.ge