ევროკავშირი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობს. Financial Times-ის ცნობით ბრიუსელს ავტონომია სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვის მიმართულებითაც სურს, ოღონდ არა იზოლაციის ხარჯზე.
სხვა დარგებისგან გამორჩევით დღეს მდგომარეობა ყველაზე მძიმე ენერგეტიკაშია. კონტინენტის დიდი ნაწილის უსაფრთხოებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უზრუნველყოფს. ტექნოლოგიებით მომარაგებაშიც პარტნიორი ქვეყნები არიან ჩართულნი, ნავთობის და უფრო მეტად გაზის შემთხვევაში კი რუსეთზე დამოკიდებულება სახიფათო ზღვარზე მაღალია.
ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა სწრაფად და მარტივად ვერ მოხდება. ამ მიზნის მისაღწევად ბრიუსელი გათხევადებული გაზის იმპორტის ზრდასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებას განიხილავს. კრიტიკულ სიტუაციაში ევროპული ქვეყნების ლიდერებს შესაძლოა გაჩერებული ატომური და ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ამუშავებაც მოუწიოთ.
ეკონომიკური დამოუკიდებლობის იდეა განსაკუთრებით აქტუალური 2 წლის წინ, პანდემიის დაწყების დროს გახდა, საკითხი კიდევ უფრო მწვავედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა.
$18 ტრლნ-იანი მშპ-ით ევროკავშირი აშშ-ის შემდეგ #2 ეკონომიკაა. მაგრამ რადგან ევროკავშირში შეერთებულ შტატებთან შედარებით 100 მლნ-ით მეტი ადამიანი ცხოვრობს, სხვაობა 1 სულ მოსახლეზე შემოსავლების დათვლით უფრო დიდია. დადებითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად 27 ქვეყნის ეკონომიკური ერთობა ბუნებრივ რესურსებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და კომპიუტერულ ჩიპებზე დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.