ევროკავშირი ახლოსაა იმ ზღვართან, როცა ამოწურავს სანქციების ლიმიტს რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, ის მას უფრო მეტად ავნებს, ვიდრე თავად რუსეთს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს, რითაც ეხმიანება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა დაწესებული ქვანახშირის ემბარგოზე სანქციები სინამდვილეში ძალაში შევა აგვისტოს ბოლოდან, ვინაიდან მანამდე მისი ამოქმედება მნიშვნელოვნად დაარტყამდა გერმანიას. თუმცა ამავდროულად ის ნაკლებად მტკივნეული იქნება ასევე რუსეთისთვის.
როგორც ცნობილია, მეხუთე პაკეტის სანქციები ამოქმედდება ასევე ევროპულ პორტებში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების მიღებაზე და მათზეც, ვინც შეიცვალა დროშა 24 თებერვლის შემდეგ. თუმცა როგორც გაზეთი წერს, უკვე დიდი ხანია მოქმედებს სავაჭრო გემების სხვა დროშის ქვეშ რეგისტრაციის პრაქტიკა, რაც განპირობებულია დაბალი გადასახდელებით, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა. შედეგად კი რუსების კუთვნილი გემების მხოლოდ მესამედი გადაადგილდება რუსული დროშის ქვეშ. ხოლო წინადადებას - აეკრძალოთ ევროკავშირის პორტებს იმ გემების მიღება, რომლებიც ეკუთვნით რუსებს, საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ მხარი არ დაუჭირეს, იმ მოტივით, რომ ამ ტიპის სამუშაოს გატარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
The New York Times-ი ახდენს ფაქტის კონსტატაციას და წერს, რომ თუ უკვე ამ ტიპის გადაწყვეტილებები ვერ იღებს ერთიან მხარდაჭერას ევროკავშირში, მაშინ განსაკუთრებით გაჭირდება იმ ტიპის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც იქნება რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგოს დაწესება.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"