ევროკავშირი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად და რუსეთის ენერგორესურსების 2/3-ით შესამცირებლად აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი იმ დოკუმენტების პროექტზე დაყრდნობით წერს, რომელიც ევროკავშირში მზადდება.
აფრიკის ქვეყნებს, კერძოდ ნიგერიას, სენეგალს და ანგოლას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ევროპას მიაწოდოს გათხევადებული ბუნებრივი აირი - წერია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი ევროკომისიამ შესაძლოა მაისის ბოლომდე მიიღოს იმ პაკეტის ფარგლებში, რომლის თანახმად ბლოკის ქვეყნები აპირებენ შეამცირონ რუსულ გაზზე დამოკიდებულება.
პროექტის თანახმად, ევროკავშირის გეგმა, გაზარდოს გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი 50 მლრდ კუბური მეტრით და 10 მლრდ კუბური მეტრით გაზარდოს გაზსადენიდან მიღებული ბუნებრივი აირი რუსეთის გარდა, მოითხოვს ახალი მომწოდებლების მოძიებას და ტრადიციულ მომწოდებლებთან ახალ საფუძვლებზე ურთიერთობების განვითარებას.
საკვანძო ნაბიჯებს შორის სახელდება ამერიკიდან 15 მლრდ კუბური მეტრი გათხევადებული გაზის მიღება 2022 წელს და 50 მლრდ კუბური მეტრის მიღება ყოველწლიურად 2030 წლამდე. ასევე დაგეგმილია გათხევადებული გაზის მიღება ეგვიპტიდან და ისრაელიდან.
ევროპა ასევე გეგმავს 20 მლრდ კუბური მეტრის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღებას ყოველწლიურად.