ევროკავშირი ემზადება მოიწვიოს 17 ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ შეხვედრაზე ლიდერების დონეზე, რომელიც 6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირის ინფორმაციით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, თურქეთი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე ნორვეგია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერების დონეზე არიან მოწვეული.
შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები იქნება 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე, ენერგეტიკული კრიზისი, კლიმატი, უსაფრთხოება და ეკონომიკა.