ევროკავშირი შეეცდება შავ სიაში შეიყვანოს ის ავიაკომპანიები, რომლებსაც ბელარუსში მიგრანტები გადაჰყავთ, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.
ევროკომისიაში ასევე აღნიშნეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ დაგეგმილ სანქციებს შეერთებულ შტატებთან შეათანხმებენ.
„ჩვენთვის ნათელია, რომ სანქციები ის პასუხია, რომელიც ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული სანქციების გაფართოება დღის წესრიგში დადგება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სანქციების დასაწესებლად სამართლებრივ საშუალებებს განვიხილავთ, მათ შორის, გარკვეული ავიაკომპანიების შავ სიაში შეყვანას, რომლებსაც მიგრანტები ბელარუსში გადაჰყავთ, რათა მოგვიანებით პოლონეთის საზღვარი გადაკვეთონ. ისინი მიგრანტთა კონტრაბანდაში არიან ჩართულნი. პრაქტიკულ ქმედებებს შეერთებულ შტატებთან შევათანხმებთ“, - აღნიშნეს ევროკომისიაში.
10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება არა საიმიგრაციო კრიზისი, არამედ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მიერ მეზობლების დესტაბილიზაციის მცდელობაა.
9 ნოემბერს, სააგენტო Reuters-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირმა ბელარუსში 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები შეიძლება დაუწესოს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, სასანქციო სიაში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ავიაკომპანია „ბელავია“ შეიძლება შეიყვანონ. შეზღუდვები, სავარაუდოდ, ასევე შეეხება იმ პირებს, ვინც ევროკავშირის საზღვრებთან საიმიგრაციო კრიზისს უწყობს ხელს.
imedinews.ge