ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მობილური სერვისებით სარგებლობას დამატებითი ხარჯების გარეშე 2032 წლამდე შეძლებენ. Politico-ს ცნობით, ასეთი შეთანხმება ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს.
ევროკავშირმა, გაერთიანების ფარგლებში, როუმინგის საფასური 2017 წელს გააუქმა. ეს საკითხი 13 წლის განმავლობაში განიხილებოდა და საბოლოო გადაწყვეტიელება შეფასდა, როგორც „ევროკავშირის მიერ თავისი მოქალაქეების ღირებულებებისადმი ერთგულებად.“ თუმცა უფასო როუმინგით სარგებლობის ვადა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.
ბლოკის ინსტიტუტები შეთანხმდნენ, გააფართოვონ წესები და ოპერატორებს დამატებითი ვალდებულებები დააკისრონ, რათა მათ საზღვარგარეთ ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და მობილური ინტერნეტის გამოყენების ხარისხი და სიჩქარე უზრუნველყონ.
ევროკავშირმა, ასევე, ოპერატორების მიერ საზღვარგარეთ ქსელების გამოყენებაზე ფასების ლიმიტი დააწესა. 2022 წლიდან ე.წ. საბითუმო გადასახადი გიგაბაიტზე 2 ევრო იქნება და 2027 წლამდე ეტაპობრივად 1 ევრომდე დაეცემა.
ახალი დადგენილება ძალაში მომავალი წლის 1-ლი ივლისიდან შევა და 2032 წლის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.
bpn.ge