მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანამ 105 მილიარდი კუბ/მ თხევადი ბუნებრივი გაზი (LNG) შეიძინა. აღნიშნულის შესახებ RBC Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდში ევროკავშირმა 64 მილიარდი კუბ/მ შეიძინა, მთლიანად გასული წლის განმავლობაში კი 78 მილიარდი კუბ/მ.
წელს ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს მეტი LNG, ვიდრე ჩინეთმა, ტრადიციულმა ლიდერმა ამ ნედლეულის შესყიდვაში. ცხრა თვეში ჩინეთმა 69,9 მილიარდი კუბ/მ თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი მოახდინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 87,5 მილიარდი კუბ/მ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ LNG შესყიდვები იზრდება რუსეთიდან მილსადენის გაზის მიწოდების შემცირების გამო.
გასულ წელს „გაზპრომმა“ ევროკავშირსა და თურქეთს 155 მილიარდი კუბ/მ მიაწოდა. ევროპის მოხმარების დაახლოებით 40% რუსულმა კომპანიამ უზრუნველყო.
წელს, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, რუსული გაზის იმპორტი 60 მილიარდ კუბ/მ-მდე შემცირდება.
LNG-ის მიწოდების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მოახერხეს ზამთრისთვის გაზსაცავის სწრაფად შევსება. გერმანიამ გაზსაცავები 99,54%-ით შეავსო, საფრანგეთმა - 99,9%-ით, იტალიამ - 95,5%-ით.
LNG-ის მასიური შესყიდვის გამო, ევროპაში გაზის ფასები იკლებს. საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ის ინფორმაციით, ევროპაში გაზის ფასი უახლოეს თვეებში 30%-ით დაეცემა.