ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა გაზარდოს. მანვე აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა მძიმე ტიპის შეიარაღება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ამაზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვზრუნავთ. უკრაინას მეტი სამხედრო ტექნიკა სჭირდება, განსაკუთრებით კი მძიმე ტიპის შეიარაღება. ახლა საბაბის ძებნის დრო არ არის, ახლა კრეატიულობისა და პრაგმატიზმის დროა", - განაცხადა ბერბოკმა.
UNIAN-ის ინფორმაციით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისა მხარდაჭერასა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ.
„ჩვენ კვლავ ვგეგმავთ უკრაინაზე საუბარს. ჩვენ იმის მოწმენი გავხდით, რაც რუსეთის ჯარმა ჩაიდინა - ეს არის სასტიკი აგრესია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს და საერთაშორისო სასამართლოს“, - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ შედგა შეხვედრა საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, კარიმ ხანთან.
„ამ ომის შედეგებს ყველა შეეჩეხება - არა სანქციების, არამედ ომის შედეგად ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, - განაცხადა ბორელმა.