ევროკავშირი უკრაინული მართვის მოწმობების აღიარების პროცედურაზე მუშაობს. ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ევროკომისია უკრაინასთან საგზაო ტრანსპორტის შეთანხმებაზე მუშაობს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქონლის ტრანსპორტირებისთვის მართვის მოწმობებისა და საკვალიფიკაციო სერთიფიკატების აღიარებას ითვალისწინებს.
ეს ზომები უკრაინელი ლტოლვილებისა და სატრანსპორტო კომპანიების დასახმარებლად მიიღება, რადგან უმრავლესობას მუშაობისთვის მართვის მოწმობა სჭირდება.
გერმანიის მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყანაში მცხოვრებ ევროკავშირის არაწევრ უცხოელებს უფლება აქვთ, მართვის მოწმობა ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენონ. ამ პერიოდის შემდეგ მათ აუცილებლად გერმანული მართვის მოწმობა უნდა აიღონ.
UNIAN-ის ცნობით, თავად უკრაინაში მართვის მოწმობის აღების პროცედურა 10 მაისიდან გამარტივდა. პირები, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, აღარ არიან ვალდებული, პრაქტიკული გამოცდა შსს-ს იმ სერვის ცენტრში ჩააბარონ, სადაც თეორია ჩააბარეს. გადაადგილებული მოქალაქეები მართვის მოწმობის აღებას სამინისტროს ნებისმიერ სერვის ცენტრში შეძლებენ, მიუხედავად იმისა, თუ სად ჩააბარეს გამოცდები.
მთავრობის დადგენილებით, ასევე, თეორიის ონლაინ სწავლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით არის შესაძლებელი, როგორიც არის Google meet, Zoom ან Skype. დოკუმენტი მომავალი მძღოლების მომზადების პერიოდის შემცირებასაც ითვალისწინებს.
24 თებერვალს, საომარი მოქმედების დაწყებიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში მართვის მოწმობისა და სხვა დოკუმენტების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"