ევროკავშირში რუსეთის კუთვნილი აქტივები გაყინეს, რომელთა საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა. მათი უდიდესი ნაწილი ბელგიაშია. ამის შესახებ Politico ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.
ბელგიაში 50 მილიარდი ევრო გაყინეს. გაყინული აქტივების მოცულობით მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი - 5,5 მილიარდი ევროთი. როგორც Politico წერს, ამ ქვეყნებზე იტალიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან ერთად მოდის გაყინული აქტივების 90%. ევროკავშირისთვის უცნობია ზუსტი თანხა, რომელიც რუსეთის ეროვნულ რეზერვებზე მოდის, მაგრამ ვარაუდობს, რომ ის დაახლოებით 33,8 მილიარდი ევრო უნდა იყოს. დოკუმენტში, რომელიც რედაქციამ მოიპოვა, ნათქვამია, რომ „ამ თანხის შეფასება გრძელდება, ამიტომ არ ხდება მისი ციტირება“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს და აქტივები გაუყინეს რუსეთს და რუს ოლიგარქებს. ნოემბერში რუსეთი ლიდერად იქცა მისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების რაოდენობის მიხედვით და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ლიბიასა და ირანს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაყინა რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი აქტივები. მათი ღირებულება საერთო ჯამში 18 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ანუ 20,5 მილიარდ დოლარს უდრის.