რუს ოლიგარქებსა და სტრუქტურებს ევროკავშირის ქვეყნებში სანქციების შედეგად წვდომა 12,5 მლრდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივებზე აეკრძალათ. მათ შორის არის იახტები, ვერტმფრენები, ნახატები, უძრავი ქონება და სხვ. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვიგანდმა Die Welt-ს განუცხადა.
მისი მონაცემებით, „რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა, თითქმის, გაორმაგდა და აპრილის 6,7 მილიარდიდან დღეისთვის 12,5 მლრდ ევროს მიაღწია.“ ეს ზრდა ძირითადად გერმანიაში დაბლოკილმა აქტივებმა განაპირობა.
გერმანიის ფინანსთა ფედერალურმა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში, თითქმის, 4,5 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა. მათ შორის არის რუსეთის ცენტრალური ბანკის დეპოზიტები, კომპანიების ინვესტიციები, გემები და იახტები.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა, რომ გაყინული რუსული აქტივები შესაძლოა, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ.