2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაახლა რეგულაცია, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს, სხვა პროდუქტებთან ერთად, ევროკავშირში ლოკოკინები და ბაყაყის ფეხები გაიტანოს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული ლოკოკინის ფერმები მაქსიმალურად ისარგებლებენ ამ ახალი შესაძლებლობით, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ნაწილია.
„ევროკავშირის სურვილია, საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო წლებში ექსპორტის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც სულსწრაფ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ის ქართული პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე — ლოკოკინა. ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებულ 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს“, — აცხადებს ჰარცელი ვიდეომიმართვაში.
ჰარცელის თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქისმალურად შეეწყოს ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესულ ახალი ქართულ პროდუქციას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ლოკოკინები კვების წარმოებაში გამოიყენება, ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და საქართველო, მისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ლოკოკინების წარმოებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევა. ამჟამად საქართველოში ლოკოკინები დაახლოებით 50 ფერმაში იწარმოება. საქართველოში ფერმერებს წარმოების დაწყება 0.5 ჰა მიწის ფართობზეც შეუძლიათ, ხოლო წარმოებულ პროდუქტს ევროპის ბაზარზე 10 ლარზე მეტ ფასად გაყიდიან.
შეგახსენებთ, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.