ევროკომისიამ უკრაინას ევროკავშირის როუმინგ ზონაზე მიერთება შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს მობილური სერვისებისთვის დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება.
„ევროკომისიამ მიიღო წინადადება, რომ როუმინგის საკითხი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაში შევიდეს. როდესაც ეს მოხდება, ევროკავშირში მოგზაურობისას, უკრაინელ ტურისტებს მობილური ტელეფონის გამოყენებისას დამატებითი თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ევროკავშირიდან მოგზაურებს იგივე უფლებები ექნებათ უკრაინაში ვიზიტის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წინადადებას ახლა ევროკავშირის საბჭო განიხილავს. უკრაინის როუმინგის შიდა ბაზარზე ინტეგრირების ტემპი დამოკიდებული იქნება უკრაინაში ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის განხორციელების ტემპზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი განხილული საკითხი ევროკავშირსა და უკრაინას შორის როუმინგის გარეშე მობილური მომსახურების ზონის გაფართოება იყო.