ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საბერძნეთის მთავრობის ინიციატივას მიესალმება, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანებს თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას აძლევს.
„ვაქცინაციის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი სამედიცინო მოთხოვნაა. მივესალმები საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ორმხრივად აღიარებული ვაქცინაციის სერტიფიკატის შესახებ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მიმდინარე კვირას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ვაქცინირებული პირებისათვის მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება შესთავაზა.
„ეს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომელიც ევროპულ დონეზე უნდა განიხილებოდეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვი, სამედიცინო მოთხოვნა უნდა გვქონდეს, რაც ადასტურებს, რომ ადამიანი აცრილია“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.