მცირე პაუზის შემდეგ პანდემიამ ევროპას ისევ შეუტია - კონტინენტზე დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე მესამე კვირაა იზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ევროპაში მოსახლეობა ნაადრევად დამშვიდდა და დაიჯერა, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.
ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირას ევროპაში დაინფიცირების მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი პანდემიის მორიგი ტალღა ფიქსირდება. ყველაზე მაღალია ზრდა ჩეხეთში (+108%), პოლონეთში (+88%) და უნგრეთში (+88%).
თუ მთლიანად ევროპაში დაინფიცირების საშუალი მაჩვენებელი 1 მლნ. მოსახლეზე 260 შემთხვევაა, ლატვიაში ის 1300-ს, სერბეთში 1000-ს. ბულგარეთში, სლოვენიაში და რუმინეთში 500-ს შეადგენს.
ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ივლის-აგვისტოში, როდესაც შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ვირუსი საფრთხეს უკვე არ წარმოადგენს.
პანდემიის შესაჩერებლად ქვეყნებს ახალი შეზღუდვები შემოაქვთ - ლატვიაში 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, ჩეხეთში შეზღუდვები გამკაცრდა, ბულგარეთში სანიტარული საშვები შემოიღეს.
ყველაზე რთული მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით, დასავლეთთან შედარებით.
მძიმე ვითარებაა რუსეთში, სადაც ბოლო დღე-ღამეში 37 678 ადამიანი დაავადდა, ხოლო 1075 დაიღუპა. ამის გამო ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე საყოველთაო არდადეგები გამოაცხადა. სადღეისოდ რუსეთი ევროპაში ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით 229 528 ადამიანი გარდაიცვალა, ვაქცინაცია კი მოსახლეობაში დიდი უნდობლობის გამო ჩავარდა.
სხვა ქვეყნებში ზრდა ჯერ-ჯერობით ზომიერია, თუმცა საყურადღებო - გერმანიაში კვირის მანძილზე დაინფიცირების მაჩვენებელმა 100 000-ზე 100-ს მიაღწია და ეს ყველაზე მაღალი დონეა მაისიდან - გასულ დღე-ღამეში 15 145 ახალი დაინფიცირებული დაფიქსირდა.
თუმცა, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ზამთარში მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. გერმანიაში, სადაც მთლიანად აცრილია მოსახლეობის 66%, ბოლო 24 საათში 116 ადამიანი გარდაიცვალა.
არასახარბიელო ვითარებაა ავსტრიაში, სადაც დღიურმა დაინფიცირებამ 3000-ს გადააჭარბა, და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მარტის შემდეგ.
ვირუსის წნეხი ბრიტანეთშიც იზრდება - იქ დაინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - დღე-ღამეში 50 000-ზე მეტი, რაც 3 თვის მაქსიმუმია. მსგავსი ვითარება გასულ ზამთარს იყო, რასაც შედეგად ლოქდაუნის მოჰყვა.
თუმცა, სხვაობაც არის - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იზრდება, მაგრამ ის მაინც შედარებით დაბალია. ეს დამშვიდების საფუძველი ვერ იქნება, რადგანაც ბრიტანეთში ახალი შტამი - დელტას ერთ-ერთი ვარიანტი Delta AY4.2 ვრცელდება, რომელიც შესაძლოა უფრო გადამდები იყოს.
ამიტომაც ლონდონში შეზღუდვების შემოღება ისევ განიხილება - ამჟამად საუბარია არა ლოქდაუნზე, არამედ დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებაზე და პირადი უსაფრთხოების სხვა ზომებზე.
საფრანგეთში მდგომარეობა ჯერ კონტროლირებადია - დაინფიცირება მცირედით იზრდება, რაც, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსალოდნელიც იყო. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ სიფრთხილე აუცილებელია, რადგანაც ბრიტანეთში შექმნილი მდგომარეობა ადასტურებს, რომ რისკები მაინც მაღალი რჩება.
ამიტომაც პარიზი კოვიდ-სერტიფიკატების გაუქმების საკითხს ჯერ-ჯერობით არ განიხილავს და მეტიც, ინდივიდუალური უსაფრთხოების ახალი ზომების შემოღებას გეგმავს.
lexpress.fr