ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ “ვაგნერის” დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ევროპარლამენტარების წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერილში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” სხვადასხვა კონფლიქტში იყო ჩართული: უკრაინაში, სირიაში, სუდანში, მოზამბიკსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ევროპარლამენტის დეპუტატების 11 ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომლის ხელმომწერები საპარლამენტო ჯგუფების მთელს სპექტრს წარმომადგენენ (ულტრამემარჯვენეები, მემარცნეები, ასევე Renew, ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები და “მწვანეები”), მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს, პეტრ ფიალას, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობს.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევების გათვალისწინებით უკრაინაში და მანამდე სხვა კონფლიქტებში, “ვაგნერის” დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა იქნას აღიარებული.
ევროპარლამენტარები წერილში ასევე აღნიშნავენ, რომ დღეისთვის ევროკავშირის მხოლოდ ერთმა წევრმა სახელმწიფომ - ესტონეთმა - აღიარა “ვაგნერის” დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად.
წერილს ევროპარლამენტის 42-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
ipn.ge