ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს მოვუწოდებთ, პუტინის რეჟიმს მტკიცედ და დაუყონებლივ უპასუხონ, დააწესონ დამატებითი სანქციები, მათ შორის პერსონალური სანქციები პუტინისა და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც პირადად დაუჭირეს მხარი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისა აღიარებისა და ე.წ. სამშვიდობოების განლაგების გადაწყვეტილებას, -ამის შესახებ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ქმედებებს გმობენ და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ.
„რუსეთის მუდმივი სამხედრო პროვოკაციების, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების და ეგრეთ წოდებული „სამშვიდობოების“ განლაგების გადაწყვეტილების ფონზე, ვგმობთ რუსეთის ქმედებებს და გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ რუსეთს უნდა შეუჩერდეს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის უფლება, მათ შორის 2022 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის, რომელიც გაზაფხულზე სანქტ-პეტერბურგში უნდა გაიმართოს.
„რუსეთი სახიფათო გახდა ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი აგრესია უნდა შეწყდეს ყველა შესაძლო საშუალებით და უნდა მოხდეს მშვიდობასა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერს ათობით ევროპარლამენტარი, მათ შორის პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და სხვები.
IPN.GE