ჩვენ ვართ ომში, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია. ევროპის გზავნილი ნათელია - ჩვენ დავდგებით ფეხზე, ჩვენ არ შეგაქცევთ ზურგს, მაშინ როდესაც უკრაინელები ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ბრიუსელში საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტი მიესალმება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ევროკავშირში უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ევროპის წინაშეა ეგზისტენციალური საფრთხე, ყოველდღიურად ჩვენ მომსწრე ვართ უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გმირობის. შეიარაღებული ძალები და მოქალაქეები უდიდეს მსხვერპლზე მიდიან იმისთვის, რომ რუსეთის ტანკები შეაჩერონ. რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დავაწესეთ. რუსეთი გავთიშეთ „სვიფტიდან“, რუსეთს დავუკეტეთ საჰაერო სივრცე, რუსი ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს ავუკრძალეთ ფრენა, ავკრძალეთ რუსული პროპაგანდა ევროკავშირის სივრცეში. ევროპა დგას ფეხზე და ევროპა მზადაა წავიდეს წინ. ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ევროპულს პერსპექტივას და როგორც ჩვენი რეზოლუცია ამბობს, ევროპარლამენტი მიესალმება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირში უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და ჩვენ ვიმუშავებთ აქტიურად ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ, ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ევროპული მომავალი. ბატონო ზელენსკი, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით გადარჩენისთვის ბრძოლაში. ევროპარლამენტს დიდი და საამაყო ისტორია აქვს ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ სულისკვეთებით ავუკრძალავთ კრემლის ნებისმიერ წარმომადგენელს შემოვიდეს ჩვენს შენობებში, რადგან აგრესორის ადგილი დემოკრატიის სახლში არ არის. ევროპა ვერ იქნება დამოკიდებული კრემლის ბუნებრივ აირზე. გავაორმაგოთ ძალისხმევა დივერსიფიკაციისთვის. ჩვენი ენერგოუსაფრთხოება ამით გაძლიერდება. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვართ ერთად, ვიქნებით ერთად, ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, რადგან ვართ უკრაინის გვერდით“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
imedinews.ge