დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ.
რეზოლუციის მიღებას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 19 იყო, თავი 33-მა ევროპელმა პოლიტიკოსმა შეიკავა.
„ევროპული პარლამენტი ხაზს უსვამს ევროპული ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობის ინიციატივას სპეციალური დამატებითი ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რათა დავგმოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული; ევროპარლამენტი თვლის, რომ ასეთი ტრიბუნალი უნდა ეფუძნებოდეს თანამოაზრე ქვეყნებს შორის საერთაშორისო შეთანხმებას გაეროს გენერალური ასამბლეის მხარდაჭერით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
პოლიტიკოსებმა მოუწოდეს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პარტნიორებთან და რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა ევროპის საბჭო, შექმნან „კეთილი ნების კოალიცია“, რათა განახორციელონ საერთაშორისო სამართალი და წინ წაიწიონ აგრესიის ჩადენისთვის რუსეთის დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში, დეპუტატები მიესალმნენ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დასაგმობად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ.