ევროპის კომისიამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროპა, შესაძლოა, ნახევარი ათასწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვის მომსწრეა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების თანახმად, კონტინენტის თითქმის ორ მესამედზე საგანგაშო მდგომარეობა ან გაფრთხილებაა გამოცხადებული სიცხის ტალღებისა და წვიმის ნაკლებობის გამო.
ევროპის გვალვის ობსერვატორიამ (EDO), რომელსაც ევროპის კომისია უწევს მეთვალყურეობას, განაცხადა, რომ ევროპის ტერიტორიის 47%-ზე არის გამოცხადებული გაფრთხილება ნიადაგში ნესტის დეფიციტის გამო, 17%-ზე კი საგანგაშო მდგომარეობაა და ის გავლენას ახდენს მცენარეებზე.
გვალვა, „როგორც ჩანს ყველაზე მძიმეა მინიმუმ 500 წლის განმავლობაში,“ თქვა 23 აგვისტოს ევროკომისიის პრესსპიკერმა იოჰანეს ბარკემ, რომელმაც ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშზე ილაპარაკა.
„ცხადია, ეს მხოლოდ პირველი შეფასებაა და ის სეზონის ბოლოს უნდა დადასტურდეს საბოლოო მონაცემებით“, - დასძინა მან.
ანგარიშის თანახმად, გვალვამ დააზიანა საზაფხულო კულტურები: სიმინდის, სოიასა და მზესუმზირას მოსავლიანობა წელს 15%-ით დაეცემა.
ყველაზე მეტად უარესდება ვითარება რეგიონებში, რომლებიც უკვე გაზაფხულზე დაზარალდა გვალვის გამო: ჩრდილოეთ იტალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში და უნგრეთისა და რუმინეთის ზოგიერთ რეგიონში.
https://www.radiotavisupleba.ge/