ევროპაში იარაღის უკანონოდ მოვაჭრე 22 პირი დააპატიმრეს. „ევროპოლის“ ინფორმაციით, ოპერაციაში, რომელიც რუმინეთისა და ბულგარეთის ხელმძღვანელობით ჩატარდა, 31 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილები თურქეთში სასიგნალო იარაღს ყიდულობდნენ, ლეგალურად შეჰქონდათ ევროკავშირში და შემდეგ მისი ლეტალურ იარაღად გადაკეთება ხდებოდა.
„ევროპოლის“ ცნობით, ოპერაციის ფარგლებში 143 სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია 129 ცეცხლსასროლი იარაღი, 1492 ცალი სასიგნალო იარაღი, ნაწილი მათგანი უკვე გადაკეთებული იყო. ასევე ამოღებულია 24 735 ერთეული საბრძოლო მასალა 6 ხელყუმბარა, 276 კილო დინამიტი, 299 დეტონატორი და 21 კილოზე მეტი დენთი.