შვედეთის ქალაქი შელეფტეო შშმ პირებისთვის ყველაზე მოსახერხებელ ევროპულ ქალაქად აღიარეს და ევროკავშირის ყოველწლიური მთავარი პრემიის, Access City Award-ის პრიზით დაჯილდოვდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
მაგალითად, მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ქალაქში SMS-სერვისი მოქმედებს, რომელიც საგზაო სამუშაოებსა და ქალაქში არსებულ სხვა პოტენციურ დაბრკოლებებზე მათ ინფორმაციას აწვდის.
ამასთან, უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთათვის ქალაქის ცენტრალური პარკი და მიმდებარე სანაპირო აღჭურვილია ტაქტილური, ანუ შეხებითი ნიშნებითა და რუქებით, ასევე, დასაჯდომი ადგილებითა და შშმ პირების ეტლისთვის განკუთვნილი ლიფტებით.
გარდა ამისა, შელეფტეოში ტარდება სპეციალურ ტრენინგები ინტელექტუალური შესაძლებლობებით შეზღუდული ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მუშაობის მეთოდებს აცნობენ. ეს შშმ პირებს დამოუკიდებელი ზრდასრული ცხოვრების წარმართვაში ეხმარება.
მეორე და მესამე ადგილები ესპანეთის ქალაქ კორდოვასა და სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას ერგო.
Access City Award-ის წინა წლის გამარჯვებული ლუქსემბურგი იყო.
„ევროპულსი“ წერდა, რომ ქალაქ შელეფტეომ 2017 წელს განსაკუთრებული აღნიშვნის პრემია მიიღო, ხოლო 2020 წელს Access City Award-ზე მესამე ადგილი დაიკავა.