ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა ნობელის კომიტეტს მიმართა თხოვნით, მშვიდობის პრემიაზე კანდიდატების წარსადგენად უკვე ამოწურული ვადა 31 მარტამდე გააგრძელოს.
ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობათა ყოფილი მეთაურების და ევროპარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრების ჯგუფს სურს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინოს უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროპელი პოლიტიკოსები ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ, რომ მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად იბრძვიან საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიის შენარჩუნებისთვის და იბრძვიან ავტორიტარიზმის ძალების წინააღმდეგ. ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თანაგრძნობის და მხარდაჭერის სიტყვები სათანადო პატივს ვერ მიაგებს ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის პრინციპებისთვის უკრაინელების მიერ გაღებულ მსხვერპლს და დროა, მსოფლიომ უკრაინელ ხალხს აჩვენოს, რომ მის მხარესაა.
ნობელის კომიტეტში გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები და ევროპარლამენტის ყოფილი და მოქმედი დეპუტატები ესტონეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდიდან, რუმინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან და ბულგარეთიდან.
ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირების ვადა 1 თებერვალს ამოიწურა. ევროპელი პოლიტიკოსების მიმართვაზე კომიტეტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. უკრაინა რუსეთის არმიის თავდასხმას 24 თებერვლიდან უმკლავდება.
radiotavisupleba.ge