ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ პერსონალური სანქციებს.
საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.
ევროკავშირში აღნიშნეს, რომ ამ სახელმწიფოების გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
აღსანიშნავია, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა მუდმივად ამბობს უარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
ევროკავშირის საბჭომ სანქციები 1 206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირს დაუწესა, შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაშია 2023 წლის 15 მარტამდე.