ევროპული ქვეყნების ლიდერები, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე კოვიდშეზღუდვებს ხელახლა აწესებენ.
პორტუგალიაში, 26 დეკემბრიდან ბარები და ღამის კლუბები დაიხურება და სახლიდან მუშაობა სავალდებულო გახდება. ამასთან, ახალი წლის ღამეს ღია სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალება.
ფინეთში, 24 დეკემბერს ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიკეტება. 28 დეკემბრიდან კი, 3 კვირის განმავლობაში, რესტორნები 18:00 საათზე დაიხურება. ევროკავშირის შენგენის ზონიდან ჩასულ მოგზაურებს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
შვედეთში ბარები, კაფეები და რესტორნები მხოლოდ ოთხშაბათიდან შეძლებენ სტუმრების ადგილზე მომსახურებას. ამასთან, ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლებიდან იმუშაონ.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინგლისში, შეზღუდვების შობამდე დაწესება გამორიცხა, თუმცა შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ სოციალურ შეკრებებზე შეზღუდვების დაწესებაა დააანონსეს.
გერმანიაში 28 დეკემბრიდან, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი ვაქცინირებული და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის თავშეყრა იკრძალება. ამასთან, სპორტული ღონისძიებების, კონცერტებისა და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ მაყურებლის გარეშე იქნება დასაშვები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების „მნიშვნელოვანი ზრდისთვის“ მოემზადონ. მისი თქმით, “ომიკრონი“ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დომინანტური ვარიანტია.
ipn.ge