„განვითარებულ და ევროკავშირის ქვეყნებში თვითდასაქმებულთა წილი შედარებით ნაკლებია, ჩვენ შემთხვევაში დაახლოებით 30%-ს ფარგლებშია და თურქეთის, საბერძნეთის დონეზეა. ევროპის საშუალო მაჩვენებელი 10%-დან 15%-მდე მერყეობს, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით, მით უფრო დაბალია თვითდასაქმებულთა რიცხვი“, — ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.
„მეთოდოლოგია, რომელსაც ეფუძნება საქსტატი მონაცემების გაანგარიშებისას არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ახალი მეთოდოლოგიაც. უმუშევრობის კუთხით, ახალმა მეთოდოლოგიამ გაზარდა მაჩვენებელი, რადგან თვითდასაქმებულთა ნაწილმა გადაინაცვლა უმუშევრებში, ეს დაახლოებით 6%-ია. მაგალითად, თუ ადრე ადამიანი რომელსაც თავის ნაკვეთში მოჰყავდა მცირე მოსავალი, არ ჰყიდდა და თავისთვისაც კი არასაკმარისი იყო, თვითდასაქმებულად ითვლებოდა, ახალი მეთოდოლოგიით ეს ასე არ არის.
ზოგიერთი ეკონომისტი და ანალიტიკოსი აკეთებს ქვეყნების შედარებას აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, მაგრამ ახალი სტანდარტი, როცა მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი სტანდარტისგან და ის მხოლოდ ევროკავშირის და რეგიონის რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი, იწვევს იმას რომ მაჩვენებლები შესადარისი არ არის და საქართველოსი ან მეტი ან ნაკლები გამოდის. შესაბამისად მსგავსი შედარება არასწორია“, -ამბობს გოგიტა თოდრაძე.
2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2021 წლის პირველ კვარტალში არსებულ უმუშევრობასთან (21.9%) შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1.2 მილიონი ადამიანი, საიდანაც 818 ადამიანი დაქირავებით დასაქმებულია, 382 ათასი კი თვითდასაქმებული. წლიურ ჭრილში დაქირავებული ადამიანების რაოდენობა 35,000-ით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 36,600-ით.