ევროპის უმსხვილესი ალუმინის საწარმო Aluminium Dunkerque Industries France, ელექტროენერგიის ხარჯის ზრდის გამო წარმოებას 22%-ით შეამცირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ს ქარხნის ხელმძღვანელმა გიომ დე გოისმა დაუდასტურა.
წარმოების შემცირება ეტაპობრივად 12 სექტემბრიდან დაიწყება. წარმოების აღდგენის დრო გაურკვეველია, რადგან წარმოების სრულ აღდგენას ეკონომიური აზრი მაშინ ექნება, როდესაც ელექტროენერგიის ფასი მგვტ/სთ-ზე დაახლოებით 250 ევრო გახდება.
ქარხანა, რომელმაც გასულ წელს 290 000 ტონა ალუმინი აწარმოა, კონკურენტებთან შედარებით ხელსაყრელ მდგომარეობაშია, რადგან ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებს ფიქსირებული ტარიფებით, მაგრამ იძულებულია დანარჩენი იყიდოს საბაზრო ფასებში.
„ევროპაში ალუმინის პირველადი წარმოება უკვე მძიმედ დაზარალდა ენერგეტიკული კრიზისით. თუ ჩვენ კიდევ უფრო შევამცირებთ წარმოებას, მაშინ არსებობს მთელი ინდუსტრიის სრული გაქრობის რისკი“, - განაცხადა დე გოისმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში ალუმინის წარმოება ყველაზე დაბალ დონემდე 1970-იანი წლების შემდეგ დაეცა.
Aluminium Dunkerque Industries France-მ, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ საინვესტიციო კომპანია American Industrial Partners-ს, გასულ ზამთარში წარმოება 15%-ით უკვე შეამცირა მაგრამ მას შემდეგ წარმოება განაახლა.