2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით ანუ 27%-ით, 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. აქედან საქართველომ ექსპორტზე სულ 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა, სადაც რუსეთის წილი 42.9%-ია, უკრაინის კი - 18.5%. ამ პერიოდში მინერალური და მტკნარი წყლები უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში 3.3%-იანი წილით მერვე ადგილზეა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
საქართველოდან ღვინის ექსპორტში კი რუსეთი პირველ ადგილზეა. გასულ წელს რუსეთის მიმართულებით 80 500 ტონა ღვინო გადაიზიდა, რომლის ღირებულებაც $130.7 მილიონი იყო. ეს ღვინის ექსპორტის 55%-ია.
Gateway&Partners Georgia-ს გენერალური დირექტორი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვანცა მელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქართული კომპანიების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალი ბაზრების მოძიებაზე ზრუნვა. თუმცა ცალკეული პროდუქტების ექსპორტს, რომელთა დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე ძალიან დიდია, სხვაგან დამკვიდრებისთვის დრო და დამატებითი ხარჯის გაწევა დასჭირდებათ.
„ბიზნესის დამოკიდებულება და გეგმები მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით განსხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გაყიდვის სეზონისთვის გამოსწორდება სიტუაცია და განახლდება რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობები, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნიათ ჩანაცვლება, ამის არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი არ აქვთ. კომპანიების ნაწილმა კი აქტიურად დაიწყო ახალი ბაზრების ძებნა, თუმცა ეს ძვირი და რთულია.
ცალკეული პროდუქტები განვიხილოთ, რომელთა დიდი რაოდენობა გადის რუსეთში, მაგალითად ღვინო და მინერალური წყლები. ღვინის ექსპორტიორების ორინტირი უფრო აშშ უნდა გახდეს, რაც შეეხება წყალს, ალბათ ყველაზე რთულ სიტუაციაში სწორედ ასეთი კომპანიები აღმოჩნდებიან, რადგან მათ ექსპორტის უფრო მცირე რადიუსი აქვს, ამიტომ დსთ-ს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ათვისება იქნება მათთვის გამოსავალი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროპულ ბრენდებს ოკუპირებული აქვთ წყლის ბაზარი და ქართულ კომპანიებს გაუჭირდებათ იქ დამკვიდრება, მაგრამ გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად მაინც უნდა მოხდეს ასეთ ბაზრებზე ორიენტირის აღება“, - ამბობს გვანცა მელაძე.
2021 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ რუსეთთან და უკრაინასთან ჯამში $2.398 მლრდ შეადგინა - მთლიანი ბრუნვის 16.7%. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ კი ამ ორ ქვეყანასთან ჯამში $564 მლნ შეადგინა.