ექსპერტების აზრით, 2023 წელს ევროზონის ეკონომიკას მაღალი ინფლაციისა და ენერგიის პოტენციური დეფიციტის პრობლემები ექნება, რამაც შესაძლოა წარმოების შემცირება და შრომის ბაზრის გაუარესება გამოიწვიოს. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
FT-ის მიერ გამოკითხული 37 ეკონომისტის თითქმის 90% ამბობს, რომ ევროზონა უკვე რეცესიაშია და წლის განმავლობაში მშპ შემცირდება.
გამოცემის თანახმად, ეკონომისტთა უმეტესობამ თქვა, რომ ევროპა, სავარაუდოდ, გადაურჩა უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისს.
„თბილმა შემოდგომამ შესაძლებელი გახადა გაზის სიმძლავრე თითქმის სრული მასშტაბით შენარჩუნებულიყო. თუმცა, ბევრი შიშობს, რომ ენერგეტიკული ნორმირების პერსპექტივა შეიძლება დაბრუნდეს მომავალ წელს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ზამთარი უკიდურესად ცივი იქნება და რეზერვები ამოიწურება, ან თუ რუსეთიდან გაზის ნაკადები კიდევ უფრო შემცირდება 2023 წელს“, - ნათქვამია FT მიმოხილვაში.
გამოცემა ადასტურებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მართლაც მოახერხეს რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ნორვეგიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ახლო აღმოსავლეთის დახმარებით, ასევე ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლით.
ასევე მოსალოდნელია, რომ ეკონომიკაში რეცესია, ევროპაში იპოთეკური სესხის მნიშვნელოვნად მაღალ ხარჯებთან ერთად, საბინაო ბაზარზე რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს. ეკონომისტების აზრით, 2023 წელს ევროზონაში სახლების ფასები საშუალოდ 4,7%-ით დაეცემა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროზონის ეკონომიკა 0,01%-ზე ოდნავ ნაკლებით შემცირდება.
„ეს უფრო პესიმისტურია, ვიდრე ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემები, რომლებმაც შესაბამისად განაცხადეს, რომ ევროკავშირის ეკონომიკა მომავალ წელს 0.3%-ით და 0.5%-ით გაიზრდება“, - წერს FT.
ამავდროულად, ინფლაცია ევროზონაში ECB-ის მიზნობრივ 2%-ზე ზემოთ, სულ მცირე, კიდევ ორი წლის განმავლობაში დარჩება. საშუალოდ, რესპონდენტები ელიან, რომ 2023 წელს ფასები 6%-ით და 2024 წელს თითქმის 2,7%-ით გაიზრდება.
გარდა ამისა, FT აღნიშნავს, რომ ხელფასების ზრდა მომავალ წელს 4.4%-ით იქნება, რაც ECB-ის პროგნოზზე— 5.2%-ზე დაბალი იქნება. ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ ევროზონაში უმუშევრობა გაიზრდება.