ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს ე.წ. კრაკენს XBB.1.5, ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება ახასიათებს, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდგომ ახალი ქვეშტამი საქართველოშიც გავრცელდეს, ამიტომ ამას როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს.
„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5, ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს ახასიათებდა. აქედან გამომდინარე, მასზე ძალიან დიდი ყურადღება არის მიპყრობილი მთელ მსოფლიოში და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას სამყაროს და პანდემიის დასრულება გარკვეულწილად შეაფერხოს. რაც შეეხება მის გავრცელებას, ის რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული. თეორიულად დასაშვებია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მოწოდებები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აქვს. როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის“,— განაცხადა გოგინავამ.