META-მ შესაძლოა მალე გააუქმოს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ქალის შიშველი მკერდით ფოტოების გამოქვეყნების აკრძალვა. კომპანიის მრჩეველთა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომ შეიცვალოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ფეისბუქზე და ინსტაგრამზე იშლებოდა ის ფოტოები, რომელზეც ქალის ძუძუს თავები ჩანდა. პლატფორმებზე შესაძლოა გადაიხედოს ფოტოების მოდერაციის წესებიც. კომპანიის მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს, რომ ასეთი შეზღუდვა აფერხებს გამოხატვის უფლებას ქალების, ტრანსგენდერებისა და არაბინარული ადამიანებისთვის.
ბრძოლა ქალთა უფლებისთვის, რომ მათ შიშველი მკერდის ფოტოს გამოქვეყნება შეძლონ, თითქმის 10 წელია მიმდინარეობს.
კამპანია #FreetheNipple, რომლის ფარგლებშიც აქტივისტები ქალის მკერდის სექსუალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან, პოპულარული 2013 წელს გახდა. აქტივისტები მიუთითებდნენ იმაზე, რომ კაცის ძუძუს თავების გამოსახულება ფეისბუკზე და ინსტაგრამზე აკრძალული არაა.
იანვარში META-ს საბჭომ განიხილა ორი პოსტის დაბლოკვის საქმე ტრანსგენდერული და არაბინარული წყვილის ექაუნთიდან, რომლებიც ტრანზიციის და მკერდზე ოპერაციის შესახებ აზიარებდნენ ისტორიებს. მათ პოსტებში იყო ფოტოები ერთ-ერთი მათგანის, შიშველი მკერდით, მაგრამ დაფარული ძუძუს თავები. ფეისბუქმომხმარებლებმა ფოტო გაასაჩივრეს და ის META-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წაშალა. მას შემდეგ რაც წყვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა პოსტი აღდგა.
მრჩეველთა საბჭო აღნიშნავს, რომ აქამდე არსებული წესი ემყარებოდა ქალისა და მამაკაცის სხეულის სქესისა და განსხვავების ბინარულ ხედვას, რითაც წესები გაუგებარი ხდება, როდესაც საქმე ეხება ინტერსექსს, არაბინარულ და ტრანსგენდერ მომხმარებლებს.