„გალერეაში ფართების 100% გაქირავებულია. ამ მიმართულებით მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა ფართების დეფიციტია და სამწუხაროდ ვერ ვაკმაყოფილებთ მას“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ „გალერია თბილისის“ ხელმძღვანელმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა.
თბილისში კომერციული უძრავი ქონების სექტორის მაჩვენებლები 2022 წელს მკვეთრად რომ გაუმჯობესდა, ამ თემაზე „თიბისი კაპიტალშიც“ საუბრობენ. ბოლო კვლევის მიხედვით, 2022 წელს გასულ წელთან შედარებით, თბილისში ქუჩის საცალო ობიექტებსა და ოფისებზე მოთხოვნა 7-7%-ით, მოლებში კი 22%-ით გაიზარდა.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, თბილისის ქუჩების საცალო ობიექტებში, იჯარის საშუალო ფასი 2022 წლის 11 თვეში 7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 17.4 დოლარს მიაღწია. 2022 წლის ნოემბერში, თბილისის ქუჩების საცალო ობიექტებში ქირის საშუალო ფასი შეადგენდა 18,1 დოლარს კვადრატულ მეტრზე.
თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის ფასებმა პანდემიამდელ დონეს 5%-ით გადააჭარბა. თბილისის სავაჭრო ცენტრებში თავისუფალი ფართების საშუალო მაჩვენებელი 2022 წლის ნოემბერში 11.2%-ს შეადგენდა. თუმცა, ეს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სავაჭრო ცენტრების მიხედვით და ზოგიერთ მათგანში 40%-ს მიაღწია.
თბილისის ბიზნეს ცენტრებში საშუალო ფაქტობრივი იჯარის ფასი კი 7%-ით გაიზარდა და 19.3 დოლარი შეადგინა. იგი 3%-ით მეტი იყო პანდემიამდელ დონესთან შედარებით. დაკავებულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში, სადაც თავისუფალი ფართების რაოდენობა 7%-მდე დაეცა. ამავდროულად, B კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა უფრო ნელი ტემპით აღდგება.