ოქტომბრის მონაცემებით, ერთ წელში თბილისში ბინების ფასის ზრდამ 28% შეადგინა და ამჟამად გასაყიდი ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1 037 დოლარია.
ფასის ზრდის მთავარ მიზეზად ,,პალიტრანიუსის გადაცემაში ,,ბიზნეს პალიტრა“ ,,არქის“ გენერალური დირექტორი თვითღირებულების ზრდას ასახელებს.
შიო ხეცურიანის თქმით, მხოლოდ მეორე ფაქტორია მიგრანტების ტალღა და გაყიდვაზე მეტად ამან გავლენა გაქირავების სეგმენტზე მოახდინა.
„ფასის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი თვითღირებულების ზრდაა, მხოლოდ მეორეა მიგრანტების ტალღა. მეორემ უფრო მეტად ქირაზე მოთხოვნა გაზარდა, ვიდრე გაყიდვებზე. ყველამ ვიცით, რომ შემცირდება მიგრანტების ტალღა, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება უკრაინაში ომის დასრულებით და უკრაინელ ხალხს მიეცემათ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობიანად.
ეს ბიზნესს კარგად გვესმის. ამიტომ, ნამდვილად არ ხდება ზედმეტი ინვესტიცია და დღევანდელი მომენტით არ ვმსჯელობთ არც „არქი“ და ჩემი ინფორმაციით, არც უძრავი ქონების ბაზარზე მყოფი სხვა მსხვილი კომპანიები და დამატებით ინვესტიციებს არ განვიხილავთ დღევანდელი მომენტის გამო. ყველას კარგად გვესმის, რომ გარკვეულწილად ეს მოთხოვნა შემცირდება და ეს არ იქნება ჩვენთვის რისკის მატარებელი, რომ ბაზარზე რყევები გამოიწვიოს. ჩვენი, „არქის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დაგეგმვა არის ძალიან კონსერვატიული. არ ვისახავთ ზედმეტ პერსპექტივებს და არ ვახორციელებთ ზედმეტ ინვესტიციებს, რაც განაპირობებს, რომ მიწოდება არ იქნება ისეთი, რომ მოთხოვნის შემცირებამ ბაზარი კრიზისისკენ წაიყვანოს, - განაცხადა ,,ბიზნეს პალიტრას ეთერში შიო ხეცურიანმა.