ერთ წელზე მეტია საქართველოში პროგრამა „FDI გრანტი“ მოქმედებს, რომელმაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა გაზარდოს, თუმცა საგრანტო პროგრამას ბენეფიციარი დღემდე არ არ ჰყავს.
როგორც პროექტის განმახორციელებელ სააგენტოში განაცხადეს, უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს BPO სექტორში შემოსვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ის პროგრამის მოსარგებლე არ გამხდარა.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი FDI-პროგრამის შედეგიანობის შეფასებას მნიშვნელოვანი დრო სჭირდება.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საშუალო და გრძელვადიანი აქტივობაა. შესაბამისად, ინვესტორის მოზიდვის ციკლი 18-დან 36-თვემდე მერყეობს.
გრანტის შეთავაზება წარმოდგენილია ყველა შესაბამის საპრომოციო მასალაში, რომლითაც სააგენტო ინვესტორებთან მუშაობს. მხოლოდ 2021 წლის ფარგლებში სააგენტო და პარტნიორი ორგანიზაცია - OCO გლობალი 1 112 კომპანიას დაუკავშირდა“,- აღნიშნავენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
პროგრამის პერსპექტივაზე საუბრისას სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ის გამსხვილდეს, რათა მოერგოს არა მხოლოდ საშუალო ზომის ინვესტორების, არამედ მსხვილი ინვესტორების საჭიროებებზეც.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაზე საუბარია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოს მიერ მომზადებული ანგარიშში, რომელიც 2015-2020 წლებში საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკას ეხება. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პოტენციური სარგებელი პროდუქტიულობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რომელიც საქართველომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან უნდა მიიღოს, სათანადოდ რეალიზებული არაა.
შეგახსენებთ, „FDI გრანტი“ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში, უცხოელ ინვესტორს, რომელიც საქართველოში 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს და 150 ადამიანს დაასაქმებს, მთავრობა 1 მილიონი ლარიან გრანტს სთავაზობს.
ჯერ კიდევ გასული წლის მაისში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებდა, რომ პროგრამას პირველი ბენეფიციარები უახლოეს მომავალში ეყოლებოდა.
წყარო: „ბიზნეს ფორმულა“