შემოდგომიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალი კაფე გაიხსნება, რომელიც მომხმარებელს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით გაუმასპინძლდება. ინიციატივის ავტორი ბიომეწარმე ნიკა ბაგალიშვილია, რომელიც წნორში ბიომეურნეობა „სამყურას“ ფლობს და ძირითადად ბიოლოგიურად სუფთა ფერად ბოსტნეულს აწარმოებს, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იშვიათად გვხვდება.
იასამნისფერი კარტოფილი, შავი და იასამნისფერი სტაფილო, შავი პომიდორი და სხვა მრავალფეროვან ბოსტნეულს ნიკა ბაგალიშვილი ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ჰყიდის. მისი პროდუქტი დედაქალაქში ხილბოსტნეულის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება.
როგორც მეწარმე ამბობს, ზოგადად ბიოწარმოების ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა ფერადი ბოსტნეულის წარმოება ამ მხრივ გამონაკლისია და შეიძლება სულ რამდენიმე ფერმერია, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული.
,,ვაწარმოებთ თითქმის ყველა სახის ბოსტნეულს, რომელიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი, იმიტომ, რომ ნატურალური პროდუქტია, ამასთან გამოირჩევა ვიზუალითაც - ფერადი და ხარისხიანია, რის გამოც სოციალური ქსელის კვალობაზე, ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამასთან, თბილისის რამდენიმე მაღაზიაშიც იყიდება, თუმცა მთელი პროდუქციის 90%-ს ონლაინ ვყიდით. ნიშა განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ფერადი ბოსტნეულის წარმოებას რეალურად ძალიან მცირე მეწარმე მისდევს. შეიძლება ითქვას, ბაზარზე არც არის კონკურენცია, თუმცა პოტენციალი დიდია და დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ბევრ ფერმერს აქვს ამ ტიპის წარმოების შესაძლებლობა, თუკი ამისთვის ფინანსური რესურსი ექნება.
ბიომეურნეობა დაახლოებით 3 წლის წინ დავაფუძნე. 1.5 ჰექტარი მიწა ყველანაირ ბოსტნეულს, მათ შორის დეკორატიულ წიწაკებსა და მზესუმზირებს, შავ პომიდორს, იასამნისფერ კარტოფილს აერთიანებს. მიმაჩნია, რომ დღეს, თუნდაც ამ პანდემიის გამო, ჯანსაღი კვება აუცილებელია, თან ასეთი ბიოპროდუქტი დეფიციტია და ამის გამოც ღირს ამ საქმის დაწყება“, - ამბობს ნიკა ბაგალიშვილი ,,კომერსანტთან“.
„სამყურა“ ბოსტნეულის გარდა, ბიოზეთსა და ბაბუაწვერას მურაბას აწარმოებს, რომელთა რეალიზებას ჯანსაღ ბიობოსტნეულთან ერთად ფეისბუქ-გვერდზე ახდენს.
აგროწარმოების პარალელურად აგრომეწარმე ტურიზმშიც მოსინჯავს ძალებს, შემოდგომიდან ახალი კაფე გაიხსნება, რომელიც მთლიანად ,,სამყურას“ ბიოპროდუქტით მომარაგდება.
მთავარი პრობლემა, რასაც ახალგაზრდა ფერმერი აწყდება, ფინანსურ რესურსზე ძნელად ხელმისაწვდომობაა, რაც ბევრ ადამიანს წარმოების გაფართოებაში ხელს უშლის.
„შემოდგომისთვის კაფე მზად იქნება. გვექნება ასევე სათბური, რაც საშუალებას მომცემს, ჩემი პროდუქცია ყველა სეზონზე უწყვეტად ვაწარმოო. კაფეში მოსულ სტუმრებს ,,სამყურას“ ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს შევთავაზებთ. დღესდღეობით ფერმერისთვის ფინანსებზე წვდომა დიდი დაბრკოლებაა. აუცილებელია ტექნიკური პროგრესი, რაც დამოუკიდებლად ძნელად მიიღწევა. ეს ფაქტორი რომ არ გვიშლიდეს ხელს, დღეს ბიომეურნეობა განვითარების სხვა სიმაღლეზე იქნებოდა საქართველოში. რამდენიმეჯერ მივმართე შესაბამის სტრუქტურებს დაფინანსებაზე, თუმცა დახმარება მივიღე ერთხელ წვეთოვანი სისტემის მონტაჟთან დაკავშირებით. რაც სამეწარმე მიმართულებას შეეხება, არ დამიფინანსდა, მიზიზი არ მიკვლევია და არ ვიცი, რატომ არ მომეცა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით წარმოების გაზრდის შესაძლებლობა, რის საფუძველიც რეალურად გამაჩნია“, - ამბობს ახალგაზრდა ბიომეწარმე“, - ამბობს ახალგაზრდა ბიომეწარმე.
რაც შეეხება ინვესტიციას, ნიკა ბაგალიშვილის ინფორმაციით, სათბურის მშენებლობას 25 000, ხოლო კაფეს 10 000 ლარი მოხმარდება.
როგორც ნიკა ბაგალიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული ინვესტიციით წარმოების 30%-ით გაზრდის შესაძლებლობა ექნება.
მარი ჩიტაია