როგორია პრაქტიკოსი აგრონომის თვალით დანახული აგრო სექტორი და რა უპირატესობები აქვს ინტენსიური ბაღის დანერგვას საქართველოში ? - ამის შესახებ აგრონომმა დავით კაკაშვილმა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში აგრო სექტორი ისაუბრა.
ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან. მათთან საუბრები კი მეტწილად დაკავშირებულია პროდუქციის მოყვანასა და შემდგომ რეალიზაციასთან. იმ ფერემერებს,რომლებსაც ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავთ, შემდგომში რეალიზაცია უკვე აღარ უჭირთ. უნდა აღინიშნოს,რომ დღესდღეობით, ფერმერებს უკვე აქვთ გამოცდილება და ცოდნა არსებული პრობლემების შესახებ, ისინი მოტივირებულები არიან მიიღონ შედარებით მაღალი და ხარისხიანი მოასვალი.
მაგალითად, მეხილეობაში ხარისხიანი მოსავლის მიღება შეუძლებელია,თუ მთელი ციკლი არ გავიარეთ. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან. უნდა განაშენდეს ინტენსიური ტიპის ნარგავები, ეს ეტაპი გაიარეს,როგორც ევროპის ქვეყნებმა, ისე მეხილეობის დარგში წარმატებულმა სხვა ქვეყნებმა. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ტიპის ბაღები,რომლებიც საშუალებას იძლევა დარგვისთანავე მივიღოთ მოსავალი და შესაბამისად, შემოსავალიც. კულტურები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იძლევა მოსავალს, არასაინტერესოა ბაზრისთვის.
ბაღების ფორმირების ძველი სტილი არ არის საკმარისი, საჭიროა მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვლა, მათ შორის ირიგაციის ახალი და სწორი სისტემების დანერგვა. მცენარეების დაავადებები,რომელთა რიცხოვნობა საკმაოდ დიდია მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. მათ შეუძლიათ შეამცირონ ჩვენი მოსავალი არამარტო ხარისხის გაუარესების, არამედ რაოდენობის შემცირების თვალსაზრისითაც. ქიმიური პრეპარატების ტოტალური გამოყენება დიდი პრობლემაა სოფლის მეურნეობისთვის. ხარჯების ზრდის გარდა, მათი გამოყენება ეკოლოგიურ მდგომარეობასაც აუარესებს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ მიმართულებით,რომ წარმოებაში რაც შეიძლება სწრაფად დაინერგოს შხამქიმიკატების გამოყენების ალტერნატიული გზა - ინტეგრირებული მცენარეთა დაცვა.
ნებისმიერი ფერმერისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი არის ბიზნესი, ეს ბიზნესი თუ არ გაიმართა, პრობლემატური იქნება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავაშენოთ თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ბაღები და დავუმატოთ მას მოვლა-მოყვანის ის მეთოდები,რომლებიც სასურველ შედეგებამდე მიგვიყვამს. ამ მეთოდების ათვისებასა და სრულ გამოყენებაზე ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ და განვითარდეთ,- ამბობს დავით კაკაშვილი.