საკონდიტრო პროდუქციის იტალიური მწარმოებლის, Ferrero-ს სუფთა მოგება 2022 წელს 24%-ით შემცირდა და 751 მლნ ევრო შეადგინა. ეს კომპანიის ბოლო, 2021-2022 ფინანსური წლის მაჩვენებელია, რომელიც 31 აგვისტოს დასრულდა. ინფორმაციას ბელგიური ბიზნესგაზეთი De Tijd ავრცელებს.
იმის მიუხედავად, რომ Ferrero-მ ბოლო წელს რეკორდულ გაყიდვებს მიაღწია, რაც 12,7-დან 14 მლრდ ევრომდე გაზარდა, მისი სუფთა მოგება, პირიქით, შემცირდა. გაყიდვების ზრდაში 10%-ზე მეტი წილი მის ფლაგმანურ ბრენდებს, Nutella-ს, Ferrero Rocher-სა და Kinder Bueno-ს უკავია, რაც მათმა ძლიერმა წარმადობამ განაპირობა.
Ferrero 4,2 მლრდ ევროს კაპიტალით ფინანსურად მდგრად კომპანიად რჩება.
მწარმოებელი მოგების კლებას ნედლეულსა და პერსონალზე მკვეთრად გაზრდილ ხარჯებს უკავშირებს. სამუშაო ძალა 38 800-დან 41 400 თანამშრომლამდე გაიზარდა. ამასთან, კომპანია დღემდე არ ასაჯაროვებს ზარალს, რომელიც ბელგიის ქალაქ არლონში, Ferrero-ს შოკოლადის ქარხანაში სალმონელის დაავადების გამოვლენამ განაპირობა. გასული წლის აპრილში მწარმოებელს ქარხნის დახურვა და პოტენციურად დაბინძურებული პროდუქციის ფართომასშტაბიანი ამოღება მოუწია. ქარხანა საფუძვლიანი დასუფთავებისთვის კვირების განმავლობაში არ მუშაობდა და მხოლოდ ივნისში, ისიც პირობითად გაიხსნა. დასუფთავების სამუშაოები Ferrero-ს, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა.
თუმცა კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ ბოლო ფინანსური წელს ბრენდებში, კვლევა-განვითარებასა და საწარმოო სიმძლავრეში 830 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
წყარო: bpn.ge/