ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ონლაინ შეხვედრა გამართეს მსხვილ შვეიცარულ ფარმაცევტულ კომპანიასთან „Ferring Pharmaceuticals“, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებენ. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
„ჩვენთვის სამედიცინო სექტორის განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ასეთი მაღალი დონის, საერთაშორისო კომპანიის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება, ჩვენ მიერ შერჩეული ინვესტიციის მოზიდვის სტრატეგიის სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს“ - განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ონლაინ შეხვედრები ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა "Bosch Service Solutions", "Nestle", "Stadler Rail" და სხვა.