მერია ფილარმონიასთან მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას გეგმავს. მთაწმინდის რაიონში, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 63 720 ლარია.
„მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო არეალში სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და კვლევის შედეგების გათვალისწინებით მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოპარკინგის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.
ახალი მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტო პარკინგის მშენებლობამ, უნდა უზრუნველყოს არსებულ გზებზე ნაკადების განტვირთვა და მოძრაობის ინტენსივობის უფრო გაზრდის შემთხვევაში უწყვეტ რეჟიმში გადაადგილება. შესაბამისად, საპროექტო არეალში მიწისქვეშა პარკირების სივრცის გაჩენა ხელს შეუწყობს მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანპორტო სიტუაციის მოწესრიგებას.
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საპროექტო დერეფანმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთოს კერძო საკუთრება. მაქსიმალურად გასათვალისწინებელი უნდა იყოს გეოლოგიური პირობები. საპროქტო დოკუმენტაციის მომზადებისას გათვალისწინებელი უნდა იყოს ფილარმონიის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის კავშირი ახალ ავტოსადგომის სივრცესთან. მიწისქვეშა ავტოსადგომში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ მომსვლელ მანქანას საშუალება ჰქონდეს თავისუფლად მოხვდეს საპარკინგე სივრცეში და ავტოფარეხიდან ამოსვლა შესაძლებელი იყოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ავტოსატრანსპორტო მოძრაობა,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"