ფინანსთა სამინისტრის ორგანიზებით სექტემბერში ჩატარდა 4 აუქციონი ჯამური გამოშვებით 221.7 მლნ ლარი. უწყებაში განმარტავენ, რომ საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.539% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები; 2 და 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 35 მლნ ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები.
2022 წლის 30 სექტემბრისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 24.6% ფორმირებული არის იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1 წლის განმავლობაში. მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (აგვისტო 2.48) შედარებით მცირედით შემცირდა და 2.45 შეადგინა.