ფინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა dailymail.co.uk ავრცელებს. ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო სამშაბათს 4 აპრილს ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიას დაესწროს, რომელიც ოფიციალურად აღნიშნავს ქვეყნის სამხედრო ალიანსში წევრობის დაწყებას.
„ფინეთი 4 აპრილს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო შეიტანს“, - ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
განცხადება დაადასტურა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების აღსანიშნავად დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.
„ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ ნატო-ს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატო-სთვის“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ნატოში ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ამას თურქეთის პარლამენტმა დაუჭირა მხარი. მანამდე ალიანსში ფინეთის შესვლას ნატოს 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ნატოში შვედეთის გაწევრიანებას, ამ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება.