საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბელარუსის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში CCC-დან წინასადეფოლტო C-მდე შეამცირა, რაც ნიშნავს დეფოლტის ან დეფოლტის მსგავსი პროცესის დაწყებას, ან ემიტენტის უმოქმედობას. ამის შესახებ Fitch-ის შეტყობინებაშია ნათქვამი.
ასე გამოეხმაურა სააგენტო ბელარუსის მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებას ევროობლიგაციებით ნაკისრი ვალდებულებების ბელარუსული რუბლით შესრულების შესახებ.
„რეიტინგის შემცირება მოჰყვა 29 ივნისს ფინანსთა სამინისტროს განცხადებას მინისტრთა საბჭოსა და ბელარუსის ეროვნული ბანკის ერთობლივი რეზოლუციის შესახებ, რომ ევროობლიგაციებზე აშშ დოლარში გადახდები გადაირიცხება ბელარუსული რუბლით Belarussbank-ის ანგარიშზე, რომელიც ხელმისაწვდომია გადამხდელი აგენტისთვის.
ადგილობრივი ვალუტით პირველი გადახდა 2027 წლის ევროობლიგაციებზე პროცენტის გადასახდელად 29 ივნისს განხორციელდა. ეს ეწინააღმდეგება ობლიგაციების დოკუმენტაციას, რომელიც არ იძლევა ალტერნატიულ ვალუტაში ანგარიშსწორების საშუალებას“, - აცხადებენ სააგენტოში.
Fitch აღნიშნავს, რომ ამ გადახდის საშეღავათო პერიოდი 13 ივლისს იწურება. თუ გადახდა ემისიის არსებული პირობებით არ შესრულდება, სააგენტო ამას დეფოლტად ჩათვლის და შესაბამის სარეიტინგო მოქმედებებს განახორციელებს.
დეფოლტად ჩაითვლება ასევე ევროობლიგაციების გაცვლა სახელმწიფო ობლიგაციებზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეა განთავსებული და დოლარში ნომინირებული, თუ მათზე ანგარიშსწორება ბელარუსულ რუბლებში იწარმოებს.