კომერციულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის 35.425 მლრდ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.182 მლრდ-ით აღემატება. სტატისტიკა მოიცავს როგორც ვადიან დეპოზიტებს, ასევე მოთხოვნამდე ანაბრებსა და მიმდინარე ანგრიშებს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
დეპოზიტებში საერთო ლარიზაციის მაჩვენებელი 38%-ს შეადგენს. თუმცა განსხვავება შეინიშნება ვადიანობის მიხედვით. მიმდინარე ანგარიშებში ლარიზაციის წილი 40.6%-ს აღემატება, ამის საპირისპიროდ 1 წელზე მეტი ვადის მქონე დეპოზიტებში ლარიზაციის მაჩვენებელი 34%-ზე ნაკლებია.
წლის განმავლობაში გაზრდილია ყველა ტიპისა და ვადიანობის დეპოზიტი. ერთადერთ გამონაკლისს უცხოურ ვალუტაში განთავსებული 1 თვემდე ვადის დეპოზიტი წარმოადგენს.
საბანკო დეპოზიტების 52% - 18.455 მლრდ ფიზიკურ პირებს ეკუთვნის. ფიზიკურ პირებში ლარიზაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია და 24.3%-ს შეადგენს. 1 წლის წინ ამ დროს 25.3%-ს უდრიდა.
ლარში განთავსებული დეპოზიტების 51% მიმდინარე ანგარიში ან მოთხოვნამდე ანაბარია. 1 წელზე მეტი ხნის კი მხოლოდ 19.7%. რაც სეეხება ლარში განთავსებულ 1 წელზე მეტი ვადის მქონე ანაბრების წილს, დეპოზიტების საერთო მოცულობაში, ფიზიკური პირების შემთხვევაში ის მხოლოდ 4.8%-ს შეადგენს, მაშინ როცა უცხოურ ვალუტაში 23%-ზე მეტია.
საპროცენტო განაკვეთმა ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე 10 წლიანი რეკორდი მოხსნა და 9.4%-ს მიაღწია, ამის საპირისპიროდ უცხოურ ვალუტაში 2.8%-მდე შემცირდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასეთი დიდი სხვაობაც კი ვერ ფარავს. 1 წლის წინ 1000 დოლარი 2870 ლარს უდრიდა, თუ ფიზიკური პირი მას ლარში განათავსებდა დეპოზიტზე, 1 წლის შემდეგ 3140 ლარს გამოიტანდა, ეს კი მხოლოდ 952 დოლარია, მასინ როცა, პირდაპირ დოლარში განთავსებით დანაზოგს $1028-მდე გაზრდიდა. სხვაობა ამ ორ თანხას შორის 76 დოლარი ანუ 251 ლარია.
გიორგი ელიზბარაშვილი