თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება.
სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა - Fly Arna-მ ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომლითაც 167 მგზავრი ჩამოფრინდა. თბილისიდან ერევანში კი 110 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.